ჩემ შესახებ
დავიბადე 1982 წელს მარტვილის რაიონში, 2004 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ერთ ათწლეულზე მეტი ვიმუშავე ამ სპაციალობით სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში. 2015 წლიდან მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ჩემი პროფესია ისეთი არ იყო, როგორიც წარმომედგინა, გადავწყვიტე პოლიტიკაში წავსულიყავი და ამ პოზიციიდან მეცადა რაიმე შემეცვალა ჩემ პროფესიაში. ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და მის ნაცვლად ახალი ადამიანური სისტემის აწყობა. ჰობი: ისტორია, ფეხბურთი.
ჩემი თავგადასავავი
ბავშვობა
დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, როგორც მაშინ იტყოდნენ, პედაგოგების ოჯახში. ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა, სამეგრელოში. შუქი თითქმის არასოდეს არ იყო და სკოლის გარდა არც ერთი სახელმწიფო უწყება არ მუშაობდა. სკოლასთან ხან ზვიადისტების ბეტეერები და ტანკები იდგა, ხანაც კი მხედრიონელების და რუსების. ამას ემატებოდა ადგილობრივი შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ხალხს ძარცვავდნენ. ეს იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ სკოლის ბავშვებთან ერთად ჯარისკაცებთან მივდიოდი და ვთხოვდი დიდი ტყვიები მოეცათ, რადგან სხვა ტყვიები უკვე მქონდა და განსხვავებულს ვეძებდი, კოლექციისთვის მჭიდრებოდა. როგორც წესი უარს მეუბნებოდნენ, მაგრამ შემდეგ მთელი სკოლის ბავშვებთან ერთად ვცდილობდი რამდენიმე კალაშნიკოვის ტყვია მაინც აგვეცინცლა, რომელსაც რამდენიმე „ტურბოს ნაკლეიკაში“ ან ფეხბურთის ბურთში ვცვლიდით. (საღეჭი რეზინის „ნაკლეიკა“ კოლექციის შეგროვების და თამაშისთვის იყო საჭირო, ჩემ ბავშობაში ისინი კაზინოს ე.წ. ფიშკების როლსაც ასრულებდნენ). ამ დროიდან მოყოლებული ვიცი, რომ ბავშვებს ტყვიები აუცილებლად ჩაუვარდებათ ხელში, ამიტომ მის აკრძალვას სჯობს ის ასწავლო, როგორ გაუფრთხილდეს. ბავშვობიდანვე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ შეიძლება არც ერთი სახელმწიფო უწყება არ მუშაობდეს და არავის გაახსენდეს მათი არსებობა ან საჭიროება, მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, როცა ძარცვა ნებადართულია და ვაჭრობის შესაძლებლობა არ არსებობს. ჩემი მშობლები და ბებია ამ დრო მასწავლებლები იყვნენ და რამდენიმე წელი საერთოდ უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ხელფასს არავინ უხდიდა, მაგრამ მაინც დადიოდნენ სკოლაში და გაკვეთილებს ატარებდნენ, ისევე როგორც მათი კოლეგები. წარმოდგენა არ მაქვს რატომ აკეთებდნენ ამას რადგან ამ დროს ფეხბურთის თამაშის მეტი გასართობი არაფერი იყო (კომპიუტერული თამაშები ამ დროს არ არის ხელმისაწვდომი) ბევრი წიგნის წაკითხვა მომიწია, კითხვა ძალიან დამეხმარა, სხვადასხვა ისტორიები, ეპოქები, ადამიანები და მათი სამყაროები წარმომედგინა, ბევრნაირად შემეხედა საგნებისთვის, პერსონაჟების თვალით და რაკურსით. წიგნის კითხვა მარტივი არაა, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელია. როცა სქელტანიანი წიგნის კითხვას ასრულებ საკუთარ წარმატებას ცხადად ხედავ. წარმატების დანახვა კი ახალი წარმატების სტიმულს გაძლევს და აგრძელებ. წიგნების ამას თავისებური თავდაჯერება მოაქვს.
საავტორო უფლება ეკუთვის: მირზა გელოვანი, 2020
საავტორო უფლება ეკუთვის: მირზა გელოვანი, 2020
საავტორო უფლება ეკუთვის: მირზა გელოვანი, 2020
აღზრდა - განათლება
დავამთავრე სოფელ დიდი ჭყონის საშუალო სკოლა 1999 წელს და იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მამ ჩემი სკოლის დირექტორი იყო, ჩემთვის სკოლის დირექტორის შვილობა უფრო დისკომფორტი იყო, ვიდრე პრივილეგია. 90-იან წლების სკოლაში უცნაური სიტუაცია იყო, ძველი საბჭოთა სკოლა უკვე აღარ იყო. მართალია მასწავლებლების ნაწილს ისევ ციხის ზედამხედველი ეგონა თავი, მაგრამ არც ხალისი და არც მოტივაცია ამის აღარ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მე მაინც ვთვლი რომ სრულყოფილი საბჭოთა სკოლა მაქვს გავლილი, რადგან ოჯახში სჯეროდათ, რომ საბჭოთა პედაგოგიური მეთოდების გამოყენება ბავშვის აღზრდა - განათლებაში აუცილებელი იყო. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან მყავდა მეგობრები და კლასელები, რომელთაც როგორც არ უნდა გეიძულებინა, უბრალოდ არ შეეძლოთ იმის სწავლა, რასაც ჩემი მშობლები ჩემგან და ჩემი ძმისგან ითხოვდნენ. სამაგიეროდ ისინი ჩვენზე უკეთესად თამაშობდნენ ფეხბურთს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი ან მასწავლიდნენ: ისტორიას, ლიტერატურას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ქიმიას. ცუდად, ფიზიკას და უცხო ენებს. ბიოლოგია ცხოველებზე და მცენარეებზე დაკვირვების შედეგად უფრო მაქვს ნასწავლი, ვიდრე აკადემიური ლიტერატურის კითხვით, ისევე როგორც ფეხბურთი, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად მაინტერესებდა. სკოლა მეც ისე დავამთავრე, როგორც ბევრმა ჩემმა თანატოლმა - წარმოდგენა არ მქონდა რა მინდოდა. ოჯახში უნდოდათ ექიმი გამოვსულიყავი და არ უნდოდათ ისეთი ვინმე ვყოფილიყავი, ვისაც ხალხის დაჭერა მოუწევდა. ბოლოს მაინც იურიდიულზე ჩავაბარე, სამომავლოდ ადვოკატობის სურვილით. 1999-2004 წლებში ვსწავლობდი სამართალმცოდნეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ დროს შევისწავლე, სახელმწიფოს და სამართლის (მათ შორის საბჭოთა) თეორიული საფუძველი და პრინციპები, ვისწავლე რას ნიშნავს და როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა და რა როლი აქვს (უნდა ჰქონდეს) ამ სისტემაში მის თითოეულ მოთამაშეს, იქნება ეს მოსამართლე, პროკურორი თუ ადვოკატი. თავიდანვე მივხვდი, რა იყო მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად უნივერსიტეტში და მას მერე მხოლოდ იმ ლექციებზე დავდიოდი, სადაც რაიმე მოტივით მაინტერესებდა ყოფნა. ჩემი ფაკულტეტის მიზანი სხვანაირი ადამიანის აღზრდა იყო, რომელსაც უყოყმანოდ უნდა შეძლებოდა ნებისმიერი სანქციის აღსრულება, თუ კანონით იქნებოდა ეს გათვალისწინებული. იყო დრო, ეს ლოგიკურად და კეთილშობილურად მეჩვენებოდა, მაგრამ იმ პერიოდის სასამართლო სისტემაზე დაკვირვებით და იმ პერიოდის პოლიციასთან ხშირი ურთიერთობით, მალევე მივხვდი რო ეს ყველაფერი ბუტაფორია იყო და აშკარად სხვანაირად მუშაობდა სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს ადამიანის წინააღმდეგ იყენებდა და არა მის დასაცავად. ამ დროიდან აქტიურად ვაკვირდები თუ როგორ მუშაობდა ის. უნივერსიტეტში არც ერთი კონკრეტული დარგის სპეციალისტი არ გავმხდარვარ, როცა დავამთავრე, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სისხლის სამართლის მიმართულებით არ ვიმუშავებდი, ამის იქით წარმოდგენა არ მქონდა რის გაკეთებას ვაპირებდი. იურისტობა ისეთი პროფესიაა, რომ უფრო პრაქტიკაში სწავლობ კონკრეტულ მიმართულებებს. საბოლოოდ, ადმინისტრაციული სამართალი ავირჩიე, რომელიც მაშინ ნომინალურად ისწავლებოდა უნივერსიტეტში და თან ძალიან უხარისხოდ, რადგან დმინისტრაციული კოდექსი სულ რამდენიმე თვის მიღებული იყო და ჯერ არავინ იცოდა შიგ რა ეწერა და ყველა იმას იგებდა რაც უნდოდა.
პროფესიული კარიერა
2003 წელს ვარდების რევოლუცია ხდება და ჩემ თვალწინ პირველად ჩნდება შანსი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნამდვილი სასამართლო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მე უნივერსიტეტში სწავლა ეს ესაა დავასრულე და იმედით ვუყურებ მომავალს. მალევე, მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული სასამართლო „რეფორმების“ შედეგად, რომლის შედეგებსაც სასამართლო პროცესებზე ვხედავ, ეს შანსი ჩემ თვალწინ მალევე ქრება და მე წარმატების მიღწევას ბიუროკრატიაში ვცდილობ. 2006-2012 წლები საჯარო სამსახურში გავატარე, სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლო წლებში ვიყავი საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსი და სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობდი თითქმის ყველა პროექტში რაც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2012 წლის ბოლოს მეორედ დავინახე წესიერი სასამართლოს და მართლმსაჯულების შექმნის შანსი, მაგრამ ისევე როგორც პირველად, ამჯერადაც მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულმა რეფორმათა ტალღებმა ეს შანსი გაანიავა. 2013-2018 წლებში ლექციებს ვკითხულობდი თავისუფალ უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ სამართალზე და პარალელურად ვიყავი ამ დარგის პრაქტიკოსი იურისტი.
გირჩი
გირჩში 2015 წელს მოვედი, პოლიტიკაში წასვლა პროფესიისადმი იმედგაცრუებამ გამოიწვია, ამ დროს ასეულობით სასამართლო პროცესზე ვარ უკვე ნამყოფი, ვიცნობ არსებულ მართლმსაჯულების სისტემას, ვიცი რა არის საჭირო აქ წარმატებისთვის ისიც ვიცი, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ და რომც მოვინდომო მაინც არ გამომივა, იმდენად მიშლის ნერვებს. ამ დროს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი მართლმსაჯულება საბჭოთა მართლმსაჯულების სამართალმემკვიდრეა. მე კი მას მერე რაც მის არსს ჩავწვდი ზუსტად ვიცი თუ რამდენად საშიშია ის (აქ ჰიპერლინკი) და ვცდილობ მისგან თავი დავიცვა, მაგრამ მის ნაწილად გახდომით ამის გაკეთება მორალურ პრობლემას მიქმნის. ცხადია, ამ დროს უკვე გადაწურული მაქვს იმედი, რომ ამას თავისით ოდესმე რამე ეშველება და ასეთ სისტემაში მუშაობა კი არ მინდა. უფრო მეტიც, დღემდე ძალიან შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ვისაც დღეს ამ სისტემაში უწევს მუშაობა და ვცდილობ ყოველთვის მათი გადმოსახედიდანაც შევხედო არსებულ მდგომარეობას. გადავწყვიტე პალიკო კუბლაშვილის შემოთავაზებაზე, პოლიტიკაში წასვლის შესახებ დავთანხმებულიყავი. ჯერ-ჯერობით მიჭირს იმის თქმა მომავალში როგორ შევაფასებ ამ ნაბიჯს, მაგრამ პალიკოსი სულ მადლობელი ვიქნები, ასეთ უცნაურ დროს, ასეთი თავგადასავლის შანსის გაჩენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოზიციიდან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი პოლიტიკას, ვიცნობდი პოლიტიკოსებს, დღევანდელი გადმოსახედიდან 2015 წელს ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი პოლიტიკის შესახებ. ამ პერიოდიდან მოყოლებული გირჩიც და ჩვენც ძალიან სწრაფად ვიცვლებოდით. გირჩმა მომცა საშუალება, გამომეხატა ჩემი აზრი სწორის და არასწორის, ტყუილის და მართალის შესახებ საჯაროდ, მომცა თავისუფლება მეთქვა ნებისმიერი რამ რასაც ვფიქრობდი, თუ მის ახსნას და დასაბუთებას შევძლებდი. საჯაროდ პოზიციის გამოხატვა ცხოვრებას ცვლის, იცვლება შენს მიმართ ადამიანთა დამოკიდებულება. პოლიტიკოსის პროფესიას სახელი აქვს გატეხილი და საზოგადოებაში „მოსულა“ შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცას იმის გამო, რომ უბრალოდ პოლიტიკოსია. ამის გამო ადამიანები შენს ნათქვამს ნაკლებად ნაკლებად მიიჩნევენ და ეს ყველანაირ საქმეს ართულებს. ჩემი აზრით ეს შეგნებულად არის გაკეთებული. გირჩში თავიდანვე იმდენად განსხვავებული ხალხი იყო თავმოყრილი, რომ ერთადერთი რაზეც შეიძლებოდა შეთანხმება ის იყო, რომ რასაც ვხედავდით ის გველაპარაკა და არაფერი არ ყოფილიყო ისეთი, რასაც საჯაროდ ვერ ავხსნიდით და დისკუსიას წავაგებდით. პრინციპში სწორედ საჯაროობამ გადაგვარჩინა. გირჩი ყოფნის დროს საჯაროდ გამომიხატავს და დამიცვია პოზიცია, ყველა იმ პოლიტიკურ თუ მორალურ თემაზე, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროში შედიოდა. ამ პოზიციების გაცნობას ამ საიტზე, გირჩის ფეისბუკ გვერდზე და იუთუბ არხზე შეძლებთ. ასევე, მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა „საქართველოს დაბადება“.
რისი მჯერა
არ გააკეთო ის, რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ. მაქვს ყველაფრის უფლება, თუ სხვა ადამიანს არ ვაყენებ ზიანს. თქვენც ყველაფრის უფლება გაქვთ.
რის მიღწევას ვცდილობ
მინდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და კომუნისტების წართმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნება. მინდა, ამ ქვეყანაში ხალხი ღატაკი არ იყოს. მინდა ბიუროკრატია არ გვახრჩობდეს. მინდა, რომ ადამიანებს უსამართლობის გრძნობა არ ახრჩობდეთ. ეს სფერო მგონია ყველა იმ ბოროტების სათავე, რაც მემკვიდრეობად დაგვიტოვეს კომუნისტებმა. ამ სფეროს გამოყენებით დაგვაპირისპირეს და გვახოცინებდნენ ერთმანეთს
როგორც მიხვდით, ყველაზე მეტად მართლმსაჯულება და სამართლიანობა მაინტერესებს და მინდა რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია, რომელიც საშიში არ იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც არ ძალადობს. ერთიანი და ცენტრალიზებული მართლმსაჯულების სისტემა ყოველთვის ყველასთვის საშიში იყო და არის ამ ქვეყანაში, ამიტომაც მოინდომა ყველამ მისი ხელში ჩაგდება. მე კი მინდა რომ ეს ამბავი დამთავრდეს და ამიტომაც აქტიურად ვარ ჩართული გირჩის სანდო სასამართლოს პროექტში. იარაღის ლეგალიზაციაც მინდა. ძალადობის გარდა, ყველაფრის ლეგალიზაცია მინდა, რადგან ძალადობის გარდა ყველაფრის უფლება მინდა მქონდეს და სხვისთვისაც იგივეს ვითხოვ. თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრებაზე ვოცნებობ. აქედან გამომდინარე, ვცდილობ ჩემი ყველა საქმე საქართველოს პარლამენტში მიმართული იყოს ერთი ადამიანის თავისუფლების გაფართოებისკენ.
პარლამენტი
პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვხვდით, ამისთვის 4 წელი თავდაუზოგავად ვიშრომეთ, პარლამენტში შევედით ისე, რომ არავის წინაშე არ გვქონია ისეთი ვალდებულება, რომლის შესახებაც საჯაროდ ვერ ვიტყოდით. მოლოდინი გვქონდა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვით, პოლიტიკურ თამაშში აქტიურად ჩავერთვებოდით, მაგრამ ასე მარტივადაც არ გამოვიდა. ჯერ პარლამენტში შესვლა არ შესვლა გახდა პრობლემა, მერე გასვლა არ გამოსვლა, საბოლოოდ პარლამენტში თითქმის ყველა შევიდა, მაგრამ ის ხალხი, რომელიც მართლა ხალხის მხარდაჭერით და დამსახურებულად შევედით იქ, სულ ტყუილად გავილანძღეთ და თან პარლამენტიც ნაკლებად აღმოჩნდა პარლამენტი. პარლამენტი ამ საუკუნეში ალბათ არც გვქონია, წინა საუკუნეში ზურაბ ჟვანია ცდილობდა, რაღაც გამოეგონებინა, რასაც პარლამენტს დაარქმევდა, მაგრამ მისი პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდგომ არც ერთ ქვეყნის მმართველს არ უნდოდა ქვეყანას პარლამენტი ჰქონოდა.
ზოგადად, პარლამენტის არსებობა არაა კომფორტული ერთპიროვნული მმართველებისათვის, ჩვენი ყველა მმართველი ვინაიდან სულ ასეთი იყო, ყველა ცდილობდა პარლამენტის როლის დაკნინებას და იმას, რომ რეალური გადაწყვეტილებები სხვაგან მიღებულიყო, რაც წარმატებით გამოსდიოდათ კიდევაც. მეათე მოწვევის პარლამენტსაც, რომლის წევრიც მე გახლავართ, მიუხედავად იმისა რომ ეს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტია, იგივე პრობლემები აქვს. ჩვენი პარლამენტი ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების პარლამენტს ჰგავს, სადაც მმართველი პარტიას არაფერში არავის თანხმობა არ სჭირდება. ეს ფაქტი პოლიტიკური თამაშის შესაძლებლობას უშლის ხელს. რომ გითხრათ ბავშვობიდან პარლამენტარობაზე ვოცნებობდითქო ასე არ არის, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ის ასეთი შეიძლება ყოფილიყო.
ჰობი
მთავარი ჰობი ფეხბურთია, ყოველთვის მომწონდა მისი თითოეული ასპექტი, თამაშიც, ყურებაც და მასზე საუბარიც. ფეხბურთი ყველაზე დიდებული თამაშია, რაც კაცობრიობას შეუქმნია. ბავშვობაში მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობდი და დიდი ხანი არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს შეუძლებელი იყო. მინდა ამ ქვეყანაში ბავშვებს ჰქონდეთ ნამდვილი ფეხბურთის თამაშის შანსი.
ამ კაცს არ აქვს ოქროს ბურთი ან ბუცი. 23 წლისაა საკლუბო დონეზე სულ ერთხელ გავიდა ლიგის ფინალში, რომელიც წააგო. მთელი თავისი ცხოვრებაა ლიგა ერთის არიფებს ეთამაშება და ისე იქცევა თითქოს მესიმ რონალდუმ და მთელმა სამყარობ მის წინაშე უნდა დაიჩოქოს
როგორ შეიძლება დაგეხმაროთ
ამ კითხვას ხშირად გვისვამენ და პასუხი ყოველთვის ერთია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გთავაზობს დახმარებას, თავად რა ინტერესები და შესაძლებლობები აქვს. ჩვენ გვინდა ავაწყოთ პოლიტიკოსს და მხარდამჭერებს შორის სწორი და გასაგები ურთიერთობები და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანის დახმარება ამ საქმეში მნიშვნელოვანია. ყველანაირი დახმარება საჭიროა ამ საქმეში.
- გვჭირდება ახალი ადამიანები, რომელსაც რაღაც აწუხებთ და მზად არიან, ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრონ და დაიცვან პოზიცია - ეს ხალხი შეიძლება იყვნენ გირჩის მომავალი პოლიტიკოსები ან პოლიტიკოსებს დაეხმარონ, პრობლემის გამოვლენაში და საზოგადოებისთვის ჩვენებაში.
- ფინანსური დახმარება - პოლიტიკოსი მხოლოდ მაშინ შეასრულებს ხალხის დაკვეთას, თუ ამომრჩევლების მიერ ფინანსდება და უშუალოდ არის პასუხისმგებელი, ვისაც ამის ნება გაუჩნდება შეუძლია დამაფინანსოს, როგორც პოლიტიკოსი ან რომელიმე ჩემი პროექტი და ამით გამოხატოს მხარდაჭერა.